ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელზეც სუსში გამოძიებაა დაწყებული, ამ დრომდე ჩეხეთში იმყოფება. როგორც “მეტრონომს” ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ლაშა გოგია 11 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში იმყოფება.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია 11 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში იმყოფება, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის სავაჭრო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ფარგლებშია და მიმწვევი ორგანიზაციაა საერთაშორისო ურთიერთიობების განვითარების ბიზნეს პლატფორმა. შეხვედრაზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების მერები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები”, – განგვიცხადეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ სტატუსი დაწერა.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, – წერს ზუგიდიდის მერი ლაშა გოგია Facebook-ზე.
ამასთან გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ზუგდიდის მერს ფულის აღებასა და “გადაგდებაში” ადანაშაულებენ.