თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მკაცრად დაისეჯება ყველა, ვინც არასწორ ნაბიჯებს გადადგას.
„ვიცი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩნდება გარკვეული კითხვები და ასევე არსებობს აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით. გამოძიებაც დაწყებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმპფცია, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო, არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. ჩვენი გუნდისთვის მთავარია ის, რომ კანონი იყოს პირველ რიგში, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. არავის არ ეპატიება, რომ კანონს მიღმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, „კურიერმა“ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, გარიგება ზუგდიდის რამდენიმე ობიექტს ეხება.