ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ სტატუსი დაწერა.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, – წერს ზუგიდიდის მერი ლაშა გოგია Facebook-ზე.
ირკვევა, რომ თანამდებობა ასევე დატოვა მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.