საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიენტობის კანდიდატის პოზიციას გამოეხმაურა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ეხება.
მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა. „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცენ.
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის ერთი ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზა, რომელიც მაშინ იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი წარმომადგენელი საქართველოსი და ზედმიწევნით ზუსტად იყო მოვლენების კურსში, რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი.” – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში.