ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ წერს. ჯერჯერობით, თანამდებობის დატოვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, – წერს ზუგიდიდის მერი ლაშა გოგია Facebook-ზე.
ირკვევა, რომ თანამდებობა ასევე დატოვა მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერის გადადგომა შესაძლოა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს უკავშირდებოდეს. ამ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.