უკრაინის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენლის კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, პირველი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის გაძლიერება.
ვოლკერის განცხადებით, პოლიტიკური კუთხით საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონომიკური კუთხით უნდა იყოს შექმნილი კარგი გარემო ინვესტიციებისთვის. ასევე, საჭიროა საუბარი იმაზე, რომ რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად”,- აღნიშნა მან.
„რუსეთს უნდა უპასუხოთ ძლიერი საზოგადოების მშენებლობით. საქართველო ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის მაგნიტად უნდა გახადოთ. ვფიქრობ, აფხაზეთში ხალხს ესმის, რომ რუსეთთან დაკავშირება, რომელიც მათ თავს მოახვიეს, დესტრუქტიულია”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
“ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ეს სიტუაცია არ უნდა მივიღოთ. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ გერმანია ნატო-ში მიიღეს, როდესაც გაყოფილი იყო”, – დასძინა მან.