რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის მონაწილემ, რუსმა ჟურნალისტმა დიმიტრი კოსირევმა ჟურნალისტებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ დიდი ალბათობით რუსეთი ოკუპანტი არა არის.
კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, კოსირევმა აღნიშნა, რომ ეს მისი სპეციალობა არ არის.
„მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არ არის, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. თქვენ შეგიძლიათ, დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, ეს ასე არ არის. ამას ვგრძნობ. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ“, – განაცხადა დიმიტრი კოსირევმა.
კითხვაზე, ვისი ტერიტორიაა აფხაზეთი, დიმიტრი კოსირევმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს.
„ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ ძირითადად უკრიანელები. უკრაინიდან ჩამოდიან სხვადასხვა მოსაზრებების მქონე უკრაინელები. ტელევიზია აძლევს მათ საშუალებას, ისაუბრონ, იჩხუბონ, ზოგჯერ მწვავედ, თუმცა ეს არის საუბარი, დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან არა. დიალოგის მიმდინარეობისას ადამიანები იგებენ, თუ რა ხდება მთელ
მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს“, – დასძინა რუსმა ჟურნალისტმა.
დიმიტრი კოსირევს ადგილზე მყოფებმა შეახსენეს, რომ დასავლური ქვეყნები აღიარებენ ოკუპაციას და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ ნაურუმ და მსგავსმა ქვეყნებმა აღიარეს.
„ეს არის ტიპური სიტუაცია, დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი, სამწუხარო სურათია, რადგან ის თავად ახლა იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ჯერ მცოცავი. წადით და თავად ნახეთ, რა ხდება“, – აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა.
სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება. ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. დელეგაციის სამი წევრი, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში გუშინ არ შემოუშვეს.