ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეკომენდაციების ერთი დიდი ნაწილი ჰგავდა პოლიტიკურ ოცნებებს, რომელთაც სამართლებრივი შინაარსი არ ჰქონდათ, არამედ ეს იყო პერსონალური შურისძიების დოკუმენტი
„ძალიან რთულია, ისაუბრო არგუმენტებზე, რადგან როდესაც ითხოვ პოლიტიკური პირის თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს რაიმე ქმედებასა და შედეგს შორის და რაღაცა ფორმალური ბმა უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი და ბუნებრივია, ეს ნაწილი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება განათლების სფეროსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ამ რეკომენდაციებს დაფიქრება და უფრო სერიოზული მიდგომა სჭირდება.
„უფრო სერიოზულად შევხედავდი რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხებოდა განათლების სფეროში აუცილებელ ღონისძიებებს, კომპლექსურ რეფორმებს, რომელმაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემო უნდა შექმნას არამხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთ. ბევრ საკითხში არის ნამდვილად დასაფიქრებელი და გავიზიარებდი, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის ერთი ეტაპი განხორციელდა. სწორედ ამ საქმიდან გამომდინარე, როდესაც მანდატურის უფლებამოსილებები გავზარდეთ და შევცვალეთ კანონი, კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი და ამ კუთხით შეგვიძლია, დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიებები, ისევე როგორც სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება გარკვეული ცვლილებები. ასევე რეფორმაზე მუშაობენ საგამოძიებო ორგანოები, რათა კარგად გაიმიჯნოს გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქცია და არ შეიქმნას პრაქტიკაში რაიმე ტიპის წინააღმდეგობები, ასეთი ტიპის ცვლილებებზე ფიქრი ნამდვილად არის სერიოზული და ეს არის პარლამენტის საქმე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.