ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილი ხელისუფლებისთვის უფრო მეტი თავის ტკივილი იქნება, ვიდრე მარგველაშვილი”

გია ხუხაშვილი მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, შესაძლოა, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, რომელსაც „ქართული ოცნების” მხარდაჭერა ექნება, აცხადებს, რომ „ყველა შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი“.

როგორც GUARDIAN.GE-ს გია ხუხაშვილმა განუცხადა, „ძალიან სასაცილოა” საუბარი სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატზე, რადგან ექსპერტის აზრით, „ერთია ფორმალური სტატუსი და მეორე პოლიტიკური რეალობა, რომლის მიხედვითაც, ის უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების” განუყოფელი ნაწილია”. ხუხაშვილი ამის მიუხედავადაც კი, რომ ზურაბიშვილი მმართველი პოლიტიკური გუნდის პარტიის ნაწილია, „ქართულ ოცნებას“ მისი კანდიდატურის წამოყენებას არ ურჩევს, რადგან ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სერიოზული რყევები გარდაუვალია და ზურაბიშვილი ხელისუფლებისთვის „ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი იქნება, ვიდრე იყო მარგველაშვილი“.

„სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი ძალიან სასაცილოა იმიტომ, რომ ყველაზე „გულანთებული“ აქტივისტი იყო „ქართული ოცნების“ წლების განმავლობაში და რანაირად არის დამოუკიდებელი ვერ გავიგე. ფორმალურად პარტიაში რომ არ არის, ეს მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს? ერთია ფორმალური სტატუსი და მეორე პოლიტიკური რეალობა. პოლიტიკურ რეალობაში ის უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების“ განუყოფელი ნაწილია. ყველა შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, მე პირადად, „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი მისი კანდიდატურის წამოყენებას იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი იქნება, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ, რომ მარგველაშვილი იყო მათთვის. სალომე ზურაბიშვილი არის საკმაოდ კონფლიქტური ადამიანი და გარდა ამისა, ჩემი აზრით, გარდაუვალია სერიოზული რყევები მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თვითონ „ქართული ოცნებისთვის”, ამბობს გია ხუხაშვილი.

GUARDIAN.GE-ს შეკითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები იმდაგვარად განვითარდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ხომ არ იქნება ეს მანიშნებელი იმაზე, რომ მმართველ გუნდს აქვს შიში იმისა, რომ თუ არა ბიძინა ივანიშვილი, პარტიის სხვა წარმომადგენელი საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს – ექსპერტმა ასე უპასუხა:

„მე არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი მაღალი იყოს მაინცდამაინც და ან მეტი ავტორიტეტი იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების” ნებისმიერი წევრი. მე არა მგონია, რომ იგი ასე ავტორიტეტული ფიგურა იყოს ქართულ სინამდვილეში…. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევა იმდენად სასაცილოა, რომ ამას ბევრი ლაპარაკიც არ უნდა“.

გია ხუხაშვილმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის დასახელების შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როგორც ექსპერტი ფიქრობს, ივანიშვილის დასახელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ამას თავად გადაწყვეტს, მისთვის კი, ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკაში რეინტეგრაციის გადაწყვეტილებაც რთულად მისაღები აღმოჩნდა და მით უფრო, არის თუ არა მზად პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

GUARDIAN.GE

 

იტვირთბა....