ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე ლარი 2.00-მდე გამყარდება”

ლარის კურსის ახლანდელი მონაცემები საგარეო ვალის ფაქტორით არის გამოწვეული, როგორც კი მისი ამოწურვა მოხდება ეროვნული ვალუტა გამყარდება, – ამის შესახებ „აიპრესს“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუამ განუცხადა.
მისი ვარაუდით, ეროვნული ვალუტა გამყარებას შემოდგომიდან დაიწყებს. მიხეილ დუნდუასპროგნოზით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.00-ით განისაზღვრება. ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს წლის ბოლომდე მოხდეს.

„გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მონაცემები საგარეო ვალის გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარე წელს გადასახდელია 4 მილიარდ 700 მილიონი დოლარი, ეს ეხება სახელმწიფოს ვალსაც და კერძო სექტორსაც. რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ანუ ეკონომიკის 34%-ია. ეს ის თანხაა, რაც დაახლოებით სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა შეიქმნას საქართველოში. ამ თანხის უმცირესი ნაწილია გადახდილი. ამ ფაქტორმა – საგარეო ვალმა ბუნებრივია ლარის კურსზე ზეწოლა გააძლიერა. ეს ვალი ქვეყანამ აიღო მაშინ, როდესაც თანხას არაპროდუქტიულად აბანდებდა, რაც ბუნებრივია ლარის კურსს ურტყავს, მაგრამ პროცესი მილევადია. ლარის კურსი უკვე 2.35-ის ნახევრის მიდამოშია და არ უარესდება, რაც ვალის გადახდის ამოწურვასთან ერთად კურსის სტაბილურობას განაპირობებს.

მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის გადასახადი, მათ სავარაუდოდ ნახევარი მილიარდი დოლარი აქვთ დარჩენილი ამ კვარტალში. ხდება ვალუტის რიტმული შესყიდვა და ლარის მომსახურება, რაც ლარის კურსს გამყარების შესაძლებლობას არ აძლევს. თუმცა 2.35 გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2.5, რა მოცემულობაც თებერვალში გვქონდა. ის მივა იმ ნიშნულამდე რასაც ეკონომიკის რეალობა ასახავს“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

ეკონომიკის ექსპერტი აქვე იმასაც აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარება ახლო მომავალში მოსალოდნელია. ის ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსი 2.00-ით განისაზღვრება.

„როგორც კი საგარეო ვალის გადახდის პროცესი ამოიწურება ლარი ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება. ჩემი ვარაუდით, პროცესმა ამოწურვა ზაფხულის ბოლომდე უნდა დაიწყოს. შემოდგომიდან ლარის კურსის გამყარებას უნდა ველოდოთ. როდესაც საგარეო ვალი ამოიწურება, ლარის კურსის ნიშნული 2.00-მდე უნდა ჩამოვიდეს. ჩემი ვარაუდით, შესაძლოა ეს წლის ბოლომდე მოხდეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ზუსტად თქმა ძნელია, ვინაიდან არ ვიცით საგარეო ვალის რა რაოდენობის თანხას გადავიხდით და რა გადასახდელი დარჩება“, – განუცხადა მიხეილ დუნდუამ „აიპრესს“.

iPress.ge

იტვირთბა....