შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ. მათი თქმით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელის, თამარ სანიკიძის განცხადება მისაღები არ არის.
“ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი ქალბატონი თამარ სანიკიძის განცხადება, რადგან ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შეგვძლებოდა წელს აბიტურიენტების მიღება, რისი უფლებაც არ მოგვცეს. ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ბევრად მეტი, ვიდრე წინაზე ვიყავით და ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი. ვიმედოვნებთ, რომ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას და მოგვცემენ განათლების უფლებას”- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს მიმართავენ, დაუყოვნებლივ გადახედონ გადაწყვეტილებას და უნივერსიტეტს მისცენ აბიტურიენტების პირველ კურსზე მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, სტუდენტები ითხოვენ, რომ იმ დრომდე გადაიდოს აბიტურიენტების ჩარიცხვების პროცესი, სანამ შავი ზღვის უნივერსიტეტის პრობლემა არ მოგვარდება.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს. თუმცა თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ვალის გადახდით ყველაფერი არ გვარდება.