ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მერკელის ვიზიტის ფარგლებში გერმანიასა და საქართველოს შორის ორი მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესშეხვედრები გაიმართა, რის შედეგადაც გერმანიას და საქართველოს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა, რომელთა ჯამური მოცულობაც 100 მილიონ ევროს აჭარბებს.

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა გერმანიის განვითრების ბანკთან ორ ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი. ერთი ხელშეკრულება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას გულისხმობს. რომლისთვისაც 150 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს.

მეორე პროექტი კი, რომლისთვისაც გერმანული მხარე საქართველოს გამოუყოფს 40 მილიონის შეღავათიან სესხს და სამ მილიონიანი გრანტს, გულისხმობს აჭარის რეგიონის წყალმომარაგების გაუმჯობესებას.

24 აგვისტოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“ შეთანხმება გაფორმდა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.

დღეს, ასევე ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ.

აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოყო.

თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.

იტვირთბა....