„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი საკმაოდ დახუნძლულია სხვადასხვა ტიპის საკითხით, დაწყებული ეკონომიკურით, დასრულებული უსაფრთხოებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხებით, რაც გერმანიის ინტერესებშია.
მისი თქმით, საქართველოს ინტერესებში უნდა იყოს ორი მთავარი პრიორიტეტი, საიდანაც ერთ-ერთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხია.
„საქართველოს ინტერესებში უნდა იყოს ორი მთავარი პრიორიტეტი: როდესაც საუბარია რუსულ აგრესიულ რევანშიზმზე, მათ შორის უკრაინაზე, სირიასა და ასეთი ტიპის ძალისმიერ პოლიტიკაზე, საქართველო უნდა იყოს აუცილებლად ნახსენები და მეორე – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით გერმანიის პოზიცია არის გადამწყვეტი. დღეს საქართველოს ეკუთვნის ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს, როგორც პრაგმატული, ისე პოლიტიკური მიმართულებით და სწორედ ეს ორმხრივი ინტერესები უნდა გადაიკვეთოს ასეთ კონკრეტულ ნაბიჯებში, უფრო მეტი სიცხადე უნდა იყოს გერმანიის მხრიდან, თუ როგორ ხედავს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორ მოხდება რუსეთის შეკავება და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.