შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება 1 წლით სრულიად კანონიერად შეეზღუდა. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა.
სანიკიძის განმარტებით, უნივერსიტეტს დავალიანება აქვს სახელმწიფოს მიმართ, რაც სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი გახდა.
“ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად არის დაყადაღებული მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები”,-განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
უნივერსიტეტში აღნიშნულს უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ.