“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების არასწორი კომპეტენტურობის ბრალია.
“როდესაც ერთსა და იმავე დროს, წლების განმავლობაში, მეორდება ერთი და იგივე მოვლენა და ამის თავიდან აცილება ვერ ხერხდება, ამაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.
ლარი რომ გაუფასურდებოდა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გავაფრთხილე ხელისუფლება. არ ისმინეს, როგორც ყოველთვის.
როდესაც ტურიზმი პიკზეა, ექსპორტი იზრდება, უცხოეთიდან ჩვენი ნატანჯი ემიგრანტები უფრო მეტ ფულს აგზავნიან, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება, ეს ხელისუფლების შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.
კვლავ ხდება მათი შეცდომების სხვებზე გადაბრალება-ამოიღეს ნაფტალინიდან უკვე მივიწყებული ე. წ. საგარეო ფაქტორების ცნება. სისულელეა იმის თქმა, რომ ლარი თურქული ლირის დევალვაციამ გააუფასურა.
თეორიულად, სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება იწვევს ამ ქვეყანაში საქონლის გაიაფებას, შესაბამისად ამ ქვეყნიდან იმპორტის ზრდას და ჩვენი ქვეყნიდან ვალუტის გადინებას. ასეც რომ იყოს, იმპორტის მატებას სჭირდება თვეები( დიდი ალბათობით ეს არ მოხდება) და თურქული ვალუტის გაუფასურებას არავითარი მყისიერი კავშირი არა აქვს ლარის კურსის ახლანდელ ვარდნასთან. თუქული ლირა მთელი წელი უფასურდებოდა, მაშინ როცა მთელი ამ დროის განმავლობაში ლარი პირიქით, მყარდებოდა და ეროვნული ბანკი რამდნჯერმე ჩაერია ბოლო თვეებში( შეისყიდა დოლარი), რომ ხელი შეეშალა ლარის კიდევ უფრო გამყარებისათვის.
ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ატარებდა( ძირითადად, მთავრობის ზეწოლით), განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არის ლარის ტრადიციული გაუფასურების მიზეზი და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
ამის თავიდან აცილება შეიძლება. ჯერ კიდევ არ არის გვიან.
რა შეცდომები იქნა დაშვებული და რა უნდა გაკეთდეს, ამის შესახებ მოგვიანებით. ისედაც გრძლად გამომივიდა, რაც არ ჯდება პოსტის წესებში”, – წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს – მისი კურსი ყოველწუთიერად იცვლება. საქართველოს ბანკში 1 დოლარს 2.66 ლარად შეიძენთ, ხოლო თი ბი სი ბანკში 2.65 თეთრად.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს – აქ ერთი დოლარის ღირებულება 2.61 ლარია.