რადიოსადგურ „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს რუსეთი მაშინ ვერაფერს მოიფიქრებდა.
„საქართველოს მშვიდობისკენ იძულების“ კამპანიის სამხედრო ნაწილის დასრულების შემდეგ დადგა კითხვა – რა უნდა მოვიმოქმედოთ ახლა? ბუნებრივია, პირველ რიგში ამ კითხვაზე პასუხი მე, ქვეყნის პირველ პირს უნდა გამეცა“, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ის გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდა ამაზე და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვიტა.
„მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით. პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს და მან ამ საკითხში მხარი დამიჭირა“, – განაცხადა მედვედევმა.