ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი – ჩემს მიმართ შეურაცხყოფა ცარიელი წყალი იყო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, რომ მისდამი რეალური კითხვები არასდროს ყოფილა.

“ჩემდამი კითხვების არარსებობა მიანიშნებს, რომ რეალური კითხვები არასდროს ყოფილა და ცარიელი წყალი იყო ჩემ მიმართ ის დიდი შეურაცხყოფა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები – გადადექი და ყველაფერი შენი ბრალია”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის დაკითხვა 4 წუთს გაგრძელდა და მინისტრის განცხადებით, იმედი აქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი, სიღრმისეულად განიხილოს, რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს.

„ალბათ, ამას იმით ავხსნიდი, რომ კომისიის ზოგიერთ წევრს, რომელიც უმრავლესობაშია, არ სურდა, ჩემგან სისხლის სამართლის რეფორმაზე ის დიდი პოზიტივი მოესმინა, რაც ექვსი წლის მანძილზე გავატარეთ. სტატისტიკით მოვედი, მათთვის მეთქვა, რომ ვინაიდან საქმე ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეს ეხება, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსში დიდი რეფორმა გავატარეთ. კოდექსი შემოვიღეთ და ამან გამოიწვია, რომ თუ 2011 წელს 90 ბავშვი იყო მაშინდელ ციხეში, დღეს მხოლოდ 32 არასრულწლოვანია და მათი უფლებები დაცულია.

მინდა, ხმამაღლა გითხრათ, საგამოძიებო კომისია არსებობა და მუშაობა ნიშნავს, რომ ჩემ მიერ, სამინისტროს, ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერავინ – ვერც გამომძიებლები, ვერც პროკურორები და ვერც  საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა, ბავშვებს ციხეში მტკიცებულებების გარეშე ვერ ყრიან. ვულოცავ ამას ჩვენ ბავშვებს, რომელთაც ციხეში ვერავინ აგდებთ, თუ მტკიცებულებები არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოიკითხა და პროცესი 4 წუთი გაგრძელდა.

“ქართული ოცნების” წევრებს მინისტრთან კითხვები არ ქონიათ. მათთვის გაუგებარი იყო თეა წულუკიანის კომისიაზე დაბარების მიზეზი.

თითქმის არ ქონიათ კითხვები მინისტრთან არც “ევროპული საქართველოს” წევრებს. ოთარ კახიძემ დაუსვა ორი კითხვა თეა წულუკიანს –  იცნობდა თუ არა მირზა სუბელიანს და ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით დაწერილი ფეისბუქი პოსტი იყო თუ არა ნამდვილი მისი. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის არ იცნობდა მირზა სუბელიანს, ხოლო პოსტი ნამდვილად მისი იყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე 1 პირია დაკავებული, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს საქმე გადაუკვალიფიცირდა და ის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. აქედან გამომდინარე, უცნობია თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე.

იტვირთბა....