პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალებზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
გახარიას თქმით, შსს აპირებს, სოციალური ქსელიდან, Facebook-იდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ პირთა მიმოწერას მოიცავს.
„ვაპირებთ, გამოვითხოვოთ ეს მიმოწერა და როგორც კი მივიღებთ მათ, მაშინვე თქვენ გამოგიგზავნით“ – უპასუხა გახარიამ კომისიის წევრებს.
იქამდე, კომისიის წევრებმა შს მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ გამოითხოვეს მათ მიმოწერები, რომელიც, შესაძლოა დანაშაულის მოტივს ან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს მკვლელობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე კომისია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 15:00 საათზე მოუსმენს.