ხორავას ქუჩაზე შექმნილმა დროებითმა საგამოოძიებო კომისიის წევრების კითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობს.
ირაკლი შოთაძე საგამოძიებო კომისიის წევრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ აკონკრეტებს მოითხოვა თუ არა მან გამოძიების დაწყებისას მირზა სუბელიანის გამოკითხვა, მაშინ როდესაც გაირკვა, რომ პროკურატურის თანამშრომლის შვილი მოზარდების მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.
„მირზა სუბელიანი იყო საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეს დეპარტამენტი არ არის საპროკურორო საქმიანობასთან არანაირ შემხებლობაში.
რაც შეეხება ჩემს შემხებლობას თბილისი პროკურორთან ამ მიმართებით, გიორგი გაბიტაშვილმა და მიხეილ შაყულაშვილმა ჩამაყენეს საქმის კურსში…
მე დავავალე შესაბამის კურატორ მოადგილეს და ქალაქის პროკურორს გაერკვიათ, მირზა სუბელიანის შვილის როლი და მონაწილეობის ხარისხი ინციდენტში, დაედგინათ, რა ქმედება ჰქონდა მას განხორციელებული და ეს იყო ჩემი დავალება, ეს გულისხმობს, რომ უნდა ჩატარებულიყო საგამოძიები საპროცესო მოქმედებები რაც ამ მიზნის განსახორციელებლად იყო საჭირო“-აცხადებს შოთაძე.
შოთაძის ამ პასუხის შემდეგ ირაკლი აბესაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს კიდევ ერთხელ ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ეს დავალება სუბელიანის გამოკითხვას. ირაკლი შოთაძემ კი კონკრეტული პასუხისგან კიდევ ერთხელ შეიკავა თავი და განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები კომპეტენტური ადამიანები არიან და მათ ძალიან კარგად იციან რას გულისხმობს საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები.
„გაგეცით პასუხი. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ. ჩემი დავალება მოიცავდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას. პასუხი არის ცალსახა და გასაგები, მე დავავალე შესაბამის ჩემდამი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება დეტალებს, ყველა რიგითი პროკურორით დაწყებული დამთავრებული ჩემი მოადგილით, არიან კომპეტენტური გამოცდილი პროკურორები და ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა განახორციელონ საპროკურორო საპროცესო ხელმძღვანელობა“- განაცხადა შოთაძემ.