იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, განაცხდა, რომ მისი გადადგომა სისტემის ავადმყოფობის დიაგნოზია. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ნინო გვენეტაძის გადადგომა ჩემთვის სისტემის ავადმყოფობის დიაგნოზია. ის ვითარება, რომელიც შექმნილია სასამართლოებში და რომელთან შეხებაც ნინო გვენეტაძეს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უწევდა, გამკლავებისთვის არაადამიანურ ძალებს მოითხოვს. ამას ამძიმებს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აშკარად არ აქვს რეფორმის პოლიტიკური ნება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო ტყვე – ერთი მხრივ, ამ მოძლიერებული კლანური დაჯგუფებისა და მეორე მხრივ, რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინერტულობის. ნინო გვენეტაძე, როგორც ახალდანიშნული თავმჯდომარე, რომელმაც გადმოიბარა რეპრესიული სასამართლო სისტემა, ამ სისტემასთან მარტო დარჩა. ამასთან გამკლავება იმხელა ძალებს მოითხოვდა, რომ ჩემთვის გასაგებია, ასე სრულიად მარტო დარჩენილ ადამიანს შეაწუხებდა ჯანმრთელობის ყველანაირი პრობლემა. ძალიან სამწუხაროა და მე პირადად მინდა ნინო გვენეტაძეს თავის მცდელობებისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.