საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქამდე პარტიული ცხოვრებით არ უცხოვრია და უსუფაშვილს უთხრა რომ მომავალშიც არ აპირებს პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას.
პრეზიდენტის განცხადებით, „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილთან შეხვედრა ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეთავაზებასთან დაკავშირებით.
„დავით უსუფაშვილთან მქონდა არაერთი შეხვედრა. აგრეთვე მქონდა შეხვედრა სხვა პოლიტიკოსებთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“. ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას. ნათელია, რომ მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მე მას ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას. ბატონმა დავითმა სავარაუდოდ ეს იგულისხმა თავის განცხადებაში.
ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონი დავითის შეფასება ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური ცხოვრების შესუსტებაზე, ასევე იმაზე, რა როლი შეიძლება ვითამაშოთ თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყნის გაძლიერებში, თქვენ ეს იცით და მათ ძირითად ნაწილს ვიზიარებ. თუმცა ამ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიის მშენებლობა და პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პარალელურად ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობა, მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, ამისთვის მზად არ ვარ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით და მათი ერთობა ვერ შედგა, თუმცა თავად უსუფაშვილი საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.