ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსუფაშვილი: “18-20 პარტია უკვე მხარს მიჭერს და კიდევ 9-10 ემზადება ჩემს მხარდასაჭერად”

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც საკუთარ თავს პარტიებს უწოდებენ, შემიძლია გითხრათ, რომ 18-20 პარტია უკვე მხარს მიჭერს და კიდევ 9-10 ემზადება მხარდასაჭერად. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით და მათი ერთობა ვერ შედგა, თუმცა თავად საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. დავით უსუფაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილთან მის კონსულტაციებში ჩართული იყვნენ „თავისუფალი დემოკრატებიც“, რომლებიც თავიანთ გადაწყვეტილებას თავად გაახმაურებენ.

„მე ვაგრძელებ საქმეს იმ გუნდთან ერთად, ვისთან ერთადაც „შენების მოძრაობის“ ფარგლებში შემოვედით პოლიტიკურ სივრცეში. აგრეთვე, ძალიან ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც უკვე დღეიდან ამ საკითხზე თავადაც მიიღებენ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც ასევე, იყვნენ ჩართულები ამ კონსულტაციებში გიორგისთანაც, ჩემთანაც, ამ დღეებში მიიღებენ პარტიულ გადაწყვეტილებას და თავად იტყვიან ამის თაობაზე, ისევე, როგორც სხვა ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობას შევთავაზოთ იმ ტიპის პოლიტიკური ძალა, რომელზეც სრულიად აშკარად არის მოთხოვნა. ახლა მოდაშია, რომ ბევრი პარტია შეიკრა ერთად და ათმა პარტიამ დაასახელა ერთი კანდიდატი და ა.შ… მე შემიძლია გითხრათ, იმ სტანდარტით რა სტანდარტითაც ის პარტიები საკუთარ თავს პარტიებს უწოდებენ, 18-20 პარტია უკვე მხარს მიჭერს და კიდევ 9-10 ემზადება მხარდასაჭერად. მაგალითად, ვახტანგ ხმალაძის კანონიერების და კონსტიტუციის პარტია, კახა შარტავას ქართველ მამულიშვილთა პარტია, ნინო გურიელის სპორტსმენთა ფედერაცია – ანუ ინდივიდები, რომლებიც იმ ტიპის პარტიების წონისანი არიან, რომლებიც ხან 10, ხან 17, ხან 37 შეიკრიბება ხოლმე, დღესვე აქ არიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიდის სრული რწმენით, რომ შეუძლია იყოს საქართველოს კარგი პრეზიდენტი და შეუძლია გავაკეთო ის საქმე, რაც გასაკეთებელია.

იტვირთბა....