ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“სასწრაფოდ, ვურჩევ ივანიშვილს”: კობა დავითაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

“მარიხუანას ლეგალიზაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგები

P.S. უმორჩილესად გთხოვთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროთ!

როგორც ჩანს, ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმაც კი ბოლომდე ვერ გაიცნობიერა ის მომაკვდინებელი საფრთხე, რომელიც თან ახლავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მარიხუანას მოხმარება ადამიანის კონსტიტუციით დაცული უფლებაა საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა.
ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ტოლფასია “პანდორას ყუთის” გახსნისა და თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, შედეგად მოყვება ჯერ მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაცია და შემდეგ ყველანაირი ნარკოტიკით ვაჭრობის ლეგალიზაცია. როგორ? აი ასე: თუ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, იმიტომ რომ, თურმე ტერმინი ,,განვითარება” მოიცავს ტერმინ ,,დეგრადაციასაც” და ადამიანს აქვს თვითდაზიანების უფლებაც, მაშინ ამ ლოგიკით მას არამარტო მსუბუქი, არამედ მძიმე თვითდაზიანების უფლებაც ჰქონია. ე.ი. მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაცია მხოლოდ დროის საკითხია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოიფიქრებს, მაგალითად, დაკავებული ჰეროინის მომხმარებლის ადვოკატი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას!
ამის შემდეგ ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციის დროც დადგება. შევა სარჩელი ნარკობარიგის სახელით, რომელიც დაასაბუთებს, რომ მისი ქმედება საზოგადოებრივად საშიში აღარ არის, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკის მოხმარება ადამიანის ფუნდამენტურ საკონსტიტუციო უფლებად გამოაცხადა, რადგან იგი ეხმარება ადამიანებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაში და ამისათვის ციხე კი არა, ჯილდო ეკუთვნის!
არაფერი არ შეუშლის მოვლენების ამგვარ განვითარებას, თუ სამართლებრივი წყარო სახიფათო პრეცედენტისა საკონსტიტუციო სასამართლოს სახით არ შეწყვეტს თავის სამარცხვინო არსებობას და ამას გარდა, კონსტიტუციაში არ შევა შესწორება, რომელიც განმარტავს, რომ ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება იწვევს მიჩვევას, ასეთი საშუალების მხოლოდ პირველი მოხმარებაა ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, ყველა შემდგომი კი უნებისყოფობით დაავადებული ქმედუნარიანობაშეზღუდული ადამიანის იძულებითი ქმედებაა და არა ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია!
უსუსურ არგუმენტს, რომ აკრძალვა ვერ სპობს აკრძალულ ქმედებას და ამიტომ ასეთი ქმედების ლეგალიზაცია ჯობია, ვპასუხობ, რომ ნებისმიერი აკრძალვის ამოცანაც და შედეგიც ქმედების მასშტაბების შემცირებაა.
იმის გამო, რომ ვერც კაენის დასჯამ, ვერც მოსეს მცნებამ და ვერც სისხლის სამართლის კოდექსმა მკვლელობა, როგორც მოვლენა, ვერ მოსპო, იმედი მაქვს არცერთ დაბოლილ თავში მკვლელობის ლეგალიზაციის იდეა არ გაჩნდება! თუმცა ეს იდეა უკვე გაჩნდა, რადგან ნარკოტიკების მოხმარება გადავადებული მკვლელობაა არა მარტო თავისუფალნებადაკარგული მომხმარებლისა, არამედ მორალური ტანჯვა და ზიანი მისი ოჯახის (მათ შორის ჯერ არ დაბადებული) წევრებისაც, ამას კი მწვანე (როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით) შუქი უკვე აუნთო საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის იმ შემადგენლობამ, რომელიც ,,ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის არჩეული ორი და პრეზიდენტების, სააკაშვილის და მარგველაშვილის მიერ დანიშნული თითო წევრისაგან შედგება.

P.S. რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ამის აღიარება (რადგან ვრჩები ტირან სააკაშვილის და მისი სისხლიანი ,,ნაციონალური მოძრაობის” ყველა ქვედანაყოფის დაუძინებელ მტრად და აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების” გულშემატკივრად), აშკარაა რომ პარლამენტში ცხარე დებატების და უმრავლესობაში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით ბიძინა ივანიშვილმა შეცდომით ჩათვალა, რომ ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს მისგან დავალებული წევრების მეშვეობით გადაწყვეტა უფრო მარტივი და უმტკივნეულო გზა იქნებოდა პრობლემის მოგვარებისა.
გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე, ვურჩევ ბატონ ბიძინას და ,,ქართულ ოცნებას”, გაიცნობიერონ საკუთარი შეცდომა, გამოიყენონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და სასწრაფოდ შეიტანონ ცვლილებები კონსტიტუციაში საკონსტიტუციო სასამართლოს საშიში გადაწყვეტილების დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით!
ამასთანავე, აუცილებელია დიდი სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება და საერთო სასამართლოების სისტემის თავიდან ფორმირება!
როგორც დავით აღმაშნებელმა მორებით ჩაიხერგა უკანდასახევი გზა დიდგორის ომის დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებით ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ მოისპოს შესაძლებლობა ცდუნებისა, რომ არც სხვა დამღუპველ გადაწყვეტილებებზე (მაგალითად, ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება) აღარ არსებობდეს ასეთი სამარცხვინო უკანდახევის შესაძლებლობა! – წერს კობა დავითაშვილი.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

იტვირთბა....