ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: “პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი”

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“(NDI) რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, ყველა საჯარო მოხელეს მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება.

“რეკომენდაციები მოიცავს: პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ;

მთავრობის ხელმძღვანელობამ ყველა საჯარო მოხელეს და საზოგადოებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება და რომ მოძალადეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ;

პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს;

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად მწვავე არ არის, ოპოზიციური და მმართველი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაზე შეტევები ხორციელდება და დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადია. ამ შეტევებთან გამკლავების მიზნით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ“, – ნათქვამია ანგარშში.

დელეგაციას მიაჩნია, რომ შემოთავაზებულმა საკანონმდებლო და ტექნიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა, საარჩევნო პროცესში არსებულ ზოგიერთ პრობლემას უპასუხოს.

“თუმცა 2018 წლის არჩევნების ყველაზე სერიოზულ წინაღობას მხოლოდ კანონები და პროცედურები ვერ გაუმკლავდება. როგორც აღვნიშნეთ, რესურსების – განსაკუთრებით სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენება – და ამომრჩევლის და კანდიდატების დაშინებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას პოლიტიკური ნება სჭირდება. ამას მთავრობის ყველა დონეზე პროაქტიული მიდგომა სჭირდება. გამოყენებული უნდა იყოს ზედამხედველობის (განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის), აღსრულების და სანქციების დაწესების მექანიზმები. დარღვევების ამ წრის გარღვევას არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, რაც ამ მთავრობისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ იგი არ ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშს დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერისა და გაძლიერების სულისკვეთებით წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....