ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბარი: “რბილი მიდგომა გვაქვს, რადგან შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ”

სოზარ სუბარმა სვანეთში მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრას მასშტაბური ხასიათი აქვს და სწორედ ამ მასშტაბურობის გამო, სახელმწიფოს ამ რეგიონში რბილი მიდგომა აქვს.

“სამწუხაროა, რომ ეს არის ცხოვრებს წესი, თუმცა სწორედ იმის გამო რომ ამას ასეთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა მიღებული, ამიტომაც არის რომ, შედარებით რბილი მიდგომა არის ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კონსტიტუცია, ერთი კანონი და განსხვავებული კანონები  ვერ იმოქმედებს სხვადასხვა ადგილზე. ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა შემოსავალი ალტერნატიული არის და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში” – თქვა სუბარმა ტელეკომპანია “პირველთან” პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, დაკავებები 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა, თუმცა სვანეთში არავინ დაუკავებიათ:

“ერთდროულად 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაიწყო ერთობლივი ღონისძიებები ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა მოგეხსენებათ არის დანაშაული და დანაშაული არა უბრალოდ სისხლის სამართალი კოდექსით გათვალისწინებული, არამედ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე სწორედ ამის აღსაწერად შედიოდა იქ ფინანსური პოლიცია არაფერი განსაკუთრებული მიზანი არ ჰქონია.

დაკავებები მოხდა სხვა ადგილებში ამ ორ სოფელში არანაირი დაკავება არ მომხდარა არანაირი ამის განზრახვა და მცდელობა არ ყოფილა მე დილიდანვე ავუხსენი მოსახლოებას, თუმცა მოსახლეობა მაინც დაძაბულია მე მინდა პირადად შევხვდე და ავუხსნა მათ რომ სახელმწიფოს პოზიცია ამ შემთხვევაში არის მიმართული იქითკენ რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ნებისმიერი საქმიანობა უნდა მოვაქციოთ კანონის ფარგლებში” – ამბობს სუბარი.

სოზარ სუბარის თქმით, ის თავად მიემგზავრება სვანეთში, რათა მოსახლეობას შეხვდეს.

იტვირთბა....