ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო საქართველოს ექვს მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

საქართველოს საგანგებო ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა, რომ საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს ექვს მოქალაქეს სტიქიის შედეგად გამოწვეული მძიმე ვითარებისა და სტრესის ფონზე სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს“ ავრცელებს.

ელჩის განმარტებით, საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექვს ქართველს დასჭირდა სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა. ზოგი შოკშია, ზოგი განერვიულებულია, ზოგს ხელი აქვს დამწვარი და ა.შ. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შექმნია. არც ერთს არ მოუმართავს საელჩოსთვის იმის თაობაზე, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ასევე, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზას ვამოწმებთ დღეში ორჯერ, დღის დასაწყისში და დღის ბოლოს. ამ დილის მონაცემებით, ბაზაში ქართველების გვარი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ასეულობით მაშველი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს. ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 79 მოქალაქე.

იტვირთბა....