ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სოციალური ქსელი

ჯაფარიძე: “ივანიშვილმა ხელი ბანკებისკენ გაიშვირა, პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი თემაა”

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ამჟამად ყველაზე მომგებიანი თემა პოლიტიკურად არის ბანკები და სოწრედ ამიტომ იშვერენ მისკენ ხელს ივანიშვილი, სააკაშვილიც და ნათელაშვილიც.

“ივანიშვილმაც ხელი ბანკებისკენ გაიშვირა გუშინ

ყველაზე მომგებიანი თემაა პოლიტიკურად

იგივეს აკეთებენ სისტემატიურად სააკაშვილი და ნათელაშვილი

გასაგები რომ იყოს, სადაა პრობლემა და რაშია გამოსავალი:

არსებობს თუ არა ჭარბვალიანობა?

2007 წლამდე ფიზიკურ პირებზე სესხებიდან ჯამური შემოსავლები კომ. ბანკებში დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იურიდიულ პირებზე სესხებიდან. 2012-ისთვის დაახლოებით თანაბრდება. და ახლა პირიქითაა, ფიზიკურ პირებზე სესხებიდან შემოსავლები დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე იურიდიულ პირებზე სესხებიდან.

ამას შეიძლება უძახო ‘ჭარბვალიანობა’, თუმცა, სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ ამ პერიოდის განმავლობაში სულ უფრო მეტმა ამ ქვეყნის მოქალაქემ შესძლო ბანკების მიერ დაყენებული ფილტრის (შემოსავლის დადასტურება, საგარანტოდ ქონების გამოყენება და სხვა) გავლა.

სარგებლობენ თუ არა ბანკები ბოროტად არსებული მდგომარეობით?.

კი, სარგებლობენ. ისინი ლობირებენ ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ვითომ მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობისკენ, მათი დაცვისკენ, სინამდვილეში კი ასეთი რეგულაციებით ბაზრიდან დევნიან პატარა მოთამაშეებს და ზრდიან საკუთარ მოგებას

რეგულაციების გამო მიკროსაფინანსოების სესხები 2017-ში, 2016-თან შედარებით შემცირდა თითქმის მილიარდით. სად წავიდა ეს ხალხი? ცხადია ბანკებს მიადგებოდნენ, სესხს უფრო მაღალ პროცენტში აიღებდნენ და ამის გამო უფრო მეტიც გაიჭედებოდა.

ახალი რეგულაციების შედეგიც იგივე იქნება. რეგულაცია არის ხარჯი. პატარა მოთამაშეებს ეს ხარჯი ანგრევს. მსხვილი ბანკები ასეთ ხარჯს იტანენ და ბაზარზ მარტო რჩებიან.

% რატომ არ იწევს როცა ამხელა მოგებაზე მუშაობენ?

% იწევს ნელ-ნელა, ბევრი წელია უკვე. მაგრამ %, იგივე ფულის ფასი არ არის დამოკიდებული მოგების მოცულობაზე. ის დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. და სანამ არსებობს სესხზე მოთხოვნა არსებულ ფასში, %-ს ბანკი არ დაწევს.

ბანკების არაპროფილური საქმიანობა?

ის რომ კომპანიებს უწევთ ბანკებისთვის საკუთარი შიდა სამზარეულოს სრულად ჩვენება, რითიც შემდეგ სარგებლობენ ბანკები და შედიან ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში (მშენებლობა, ჯანდაცვა, დაზღვევა, ლუდი! და ა.შ.), ასევე გამოწვეულია ბანკების გაბლატავებული მდგომარეობით და კონკურენციის ნაკლებობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია რეგულაციებითა და ბანკების მხრიდან საკუთარი ინტერესების წარმატებული პოლიტიკური ლობირებით (უცხოური ბანკების აქ ვერ გახარებასაც, HSBC იყო თუ სოსიეტე ჯენერალი, სავარაუდოდ იგივე საფუძვლები აქვს).

ანუ, პრობლემა არის ის რომ წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ბანკებმა მთავრობებთან ალიანსით მოახერხეს ბაზარზე ისეთი დომინანტური პოზიციის მოპოვება რომ ახლა არიან ზეგაბლატავებული – მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს, რადგან თუ მათ პრობლემა შეექმნებათ, ეს ჩამოშლის არა მხოლოდ ფინანსურ სექტორს, არამედ მთელს ეკონომიკას (რაც ახლოსაა სიმართლესთან).

გამოსავალი?

გამოსავალი არის მეტი კონკურენცია! ბაზრის გათავისუფლება და ახალი მოთამაშეების მარტივად დაშვება ბაზარზე, მათ შორის უცხოური მოთამაშეებისაც. ნებისმიერი მცდელობა ბანკების შეზღუდვის ახალი რეგულაციებით, დასრულდება ამ ბანკების კიდევ უფრო გაძლიერებით და მათი მოგების კიდევ უფრო გაზრდით!

ამ დროს რას აკეთებს მთავრობა?

არა მხოლოდ იღებს ახალ რეგულაციებს, არამედ აკანონებს სავალდებულო დაგროვებით პენსიას და სახელმწიფო საპენსიო ფონდის მილიარდებს ახუტებს მსხვილ ბანკებს. აი, ამის მერე ნახეთ ბანკების თავგასულობა!

ძალიან რთულია ამის გააზრება? კომაროვის ატესტატია საჭირო?”, – წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ქვეყანა ორმა ბანკმა შეჭამა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვერ ამოდის.

იტვირთბა....