შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ფოთში, პოლიციელის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მძარცველის მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი ინფორმაციით ცალსახად გამორიცხულია განზრახ მკვლელობა.
“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთი რამ ალბათ, ყურადღებამისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ გარდაცვლილს დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო და ამ ტიპის დანაშაული არ იყო პირველი შემთხვევა, რომელსაც ეს ადამიანი ჩადიოდა და როდესაც პოლიციელი ამ დანაშაულის აღკვეთას შეეცადა, ის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, კერძოდ, მან პოლიციელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ გასროლა მოხდა და დადგა ეს ფატალური შედეგი,” -აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ადგილზე კამერები დამონტაჟებული არ იყო. რაც შეეხება პოლიციელისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას, მისი თქმით, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე გარკვეული ვადა არსებობს, დამატებითი მტკიცებებულებების მოპოვების შემდეგ კი შესაძლოა, პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია შეცვალოს.
“იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის დღემდე საავადმყოფოში რჩება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს ანუ როგორც შეგვიძლია, შს სამინისტროს, რომ გვერდით დავუდგეთ ამ პოლიციელს, მაქსიმუმს გავაკეთებთ,”- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვისთვის პირი სროლის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით.