ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ დეპუტატებს თმენის ვალდებულება აქვთ და ამიტომ ითმენენ ასეთ თავმჯდომარეს.

დავით ჭიჭინაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის ახალი კონსტიტუციის ავტორობას იჩემებდა.

“თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. აქამდე ვიცოდი, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, ამას იჩემებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მიწის არ გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით – ჩემი და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის. გამოდის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება მის მიერ კობახიძის გადადგომის საკითხის გაჟღერებას, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ კობახიძის მეთაურობით პარლამენტს დაბალი რეიტინგი აქვს.

“დეპუტატები იმით არიან განსხვავებულები, რომ თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. მე სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. მე ჩემს მაგივრად ვსაუბრობ. შეგიძლიათ საზოგადოებრივი განწყობით გაარკვიოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძე ძალიან მაღალრეიტინგული ფიგურაა და საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მხარდაჭერა, მისი ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....