ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “მე და ჩემი მეუღლე დაგვსვეს ოფიციალურად მოსმენაზე”

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დრო მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მთავარ პროკურატურაში უკვე ერთი საათია, რაც იმყოფება. სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, დღეს იწურება 10-დღიანი ვადა, რომელიც პროკურატურამ მისგან 7 ივლისს გამართული შეხვედრის დროს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ითხოვა და ახლა ის საგამოძიებო უწყების პასუხებს ელოდება.

მოკლული დავით სარალიძის მამის თქმით, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე ბავშვების ტელეფონს სამართალდამცავები არ უსმენდნენ, ხოლო ზაზა სარალიძეს და მის მეუღლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით უსმენდნენ. რის საფუძველზე უსმენდნენ ზაზა სარალიძეს და მის მეუღლეს, ამ კითხვით მიმართავს სარალიძე პროკურატურას.

„როგორც გავარკვიე, თურმე, მე და ჩემი მეუღლე დაგვსვეს ოფიციალურად მოსმენაზე და ზუსტად ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, რომელ პროკურორს მოუვიდა თავში იდეა, მე და ჩემს მეუღლეს რა ბრალდება წაგვიყენეს, რა ბრალდებით იშუამდგომლა მოსამართლესთან და დაგვსვეს ოფიციალურად მოსმენაზე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლებთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ამ ათი დღის განმავლობაში.

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზაზა სარალიძეს ახალი მთავარი პროკურორი შეხვდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ უკვე გვყავს საქართველოს მთავარი პროკურორი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ მას, მოვისმინოთ მისი ხედვა ამ საქმესთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვეღარ ვხედავთ წინ გადადგმულ ნაბიჯს. გვაქვს კითხვები, რა ხდება საქმესთან მიმართებაში, გარკვეული მოლოდინები და უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენს კითხვებზე,“ – განაცხადა ადვოკატმა

იტვირთბა....