ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროექტი ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას

 პრემიერს პროექტის გადასარჩენად ოპერატიული რეაგირებისკენ მოუწოდებენ

,,საყოველთაო ინტერნეტიზაცია“ იყო მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება რეგიონების განვითარებისთვის სათანადო სოციალური ფონის შექმნაში. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – (აფბა) მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას, პირადად დაინტერესდნენ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობით და დროული ნაბიჯები გადადგან რეაგირებისთვის, რადგან ქვეყნის განვითარებითვის უმნიშვნელოვანესი პროექტი კრახის წინაშეა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაჟღერდა საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეა ,,საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროექტის შესახებ, რომელსაც სრულად აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი მისი ფონდის  ,,ქართუს” მეშვეობით და რაშიც დაახლოებით 150 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს.

პროექტის  შედეგად  2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა.  2016 წელს ითქვა, რომ  პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყებოდა და მას  ა(ა)იპ OPEN NET-ი ახორციელებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” მიერ 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნდა. თუმცა, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ 2 წლის განმავლობაში აღნიშნულ პროექტთან მიმართებაში არაფერი გაკეთებულა და თუ ახალი სამთავრობო გუნდი სასწრაფოდ არ დაინტერესდება ამ საკითხით, წარმოუდგენელია, რომ 2020 წლამდე ,,საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროექტის გახორციელება მოესწროს.

ახალგაზრდა ფინანსისტებმა ,,ოფენ ნეტისგან“ ინფორმაციაც გამოითხოვეს და აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშნებლობის მიზნით, გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვა. გარდა ამისა, პროექტის დაწყებიდან 2 წლის შემდეც არცერთ სოფელში ჯერ არ დაწყებულა ოპტიკური ქსელის გაყვანა. უფრო მეტიც, ,,ოფენ ნეტში“ ვერ ამბობენ მოხერხდება თუ არა 2019 წლის ბოლომდე საქართველოს რომელიმე რეგიონში კაბელის გაყვანა. არც ის იციან როდის დასრულდება საბოლოოდ სოფლების სრული ინტერნეტიზაცია.

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც ,,ოფენ ნეტში” აცხადებენ, ორი წლის განმავლობაში არანაირი თანხები არ დახარჯულა,  მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგეგმებოდა 19 050 000 ლარის დახარჯვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ოთხ ლოტზე. ანუ,  2 წლის განმავლობაში ,,ოფენ ნეტი” თანხებს მხოლოდ ხელფასებზე ხარჯავდა. ჩნდება განცდა, რომ „საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ ივანიშვილის პროექტი შეგნებული საბოტაჟის მსხვერპლია – აცხადებენ ორგანიზაციაში.   

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ჩავარდნა, ვინაიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და იმედისმომცემი პროექტია, რომელმაც ინტერნეტზე წვდომის საშუალება უნდა მისცეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და გარდა ამისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შანსი უნდა გააჩინოს, რაც დაასრულებს არსებულ ოლიგოპოლიას, უზრუნველყოფს კონკურენციას და შესაბამისად ფასების შემცირებას  ინტერნეტბაზარზე.

აფბა მოუწოდებს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პირადად დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტის ირგვლივ არსებული ვითარებით და უზრუნველყონ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დროული გახორციელება.

შეგახსენებთ და გთავაზობთ ინტერნეტიზაციის პროექტს და იმ სოფლების სიას, სადაც დაგეგმილი იყო ინტერნეტიზაცია.

 

იტვირთბა....