ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი

ყველაზე სახალისო ზარი იყო “შტეკერზე”, გეცოდინებათ – ბლიც-ინტერვიუ გიორგი ასათიანთან

თვლის თუ არა ლელა კაკულიას ნამდვილ წინასწარმეტყველად, რა ანიჭებს ყოველდღიურობაში ყველაზე დიდ სიამოვნებას, რა რეაქცია აქვს მასზე გაკეთებულ “ქუბებზე” – “მეტრონომმა” “ხარისხის არხის” წამყვან გიორგი ასათიანთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბატონი დავითი თქვენს გადაცემაში აღარ იქნება. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია და თუ მართალია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?

გიორგი ასათიანი: პირველ რიგში ეს გადაცემა სათაურით „დასაბამიდან სასუფევლამდე“ არ გახლავთ ჩემი გადაცემა, ეს გადაცემა მე და დავითის ერთობლივი „პირმშოა”.  დავითიც და მეც და კიდევ ჩვენი პარტნიორი ალექსანდრე ოჩიგავაც, გახლავართ კომპანიის სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე დირექტორები და აქედან გამომდინარე, დავითი არსად არ წასულა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ გადაცემის კვირაში ორჯერ გასვლის თაობაზე – პარასკევს ჩემი წამყვანობით, შაბათს კი დავითის, თვეში ერთხელ კი ერთობლივი, ისევ ძველებური სტილით წაყვანისა. ჩვენ შორის არ ყოფილა, არ არის და არც იქნება არავითარი დაპირისპირება, რადგანაც მე გახლავართ დავითის ვაჟის ნიკოლოზის ნათლია, შესაბამისად, ჩვენ ვართ ახლო ნათესავებიც.

მეტრონომი: ინტერნეტში თქვენზე და ბატონ დავითზე უამრავი ქუბი ვრცელდება. რა რეაქცია გაქვთ ამ ყველაფეზე?

გიორგი ასათიანი: გაკვირვებული, მშვიდი, გულდასაწყვეტი და დამაფიქრებელი. გაკვირვებული იმიტომ, რომ არ ველოდით თუ ასეთი ყურადღების ცენტრში მოვექცეოდით. მშვიდი იმიტომ, რომ მართლმადიდებლური მრწამსი მოითხოვს სიმშვიდეს და მშვიდობის თესვას სოციალურ გარემოში. გულდასაწყვეტი იმიტომ, რომ ჩვენი გადაცემებიდან ქუბის სახით იჭრება არასრული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტები, რაც კეთდება კომიკური სახის შექმნის მიზნით, ხელოვნურად და აგებულია 3 საათიანი გადაცემის მსვლელობისას გარედან დასმული უაზრო კითხვების უნებლიე პასუხების ბაზაზე. დამაფიქრებელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სამწუხაროდ ის ახალგაზრდული სოციალური ფენა, ვინც უშუალოდ დაკავებულია ამ პროცესებით ამჟღავნებს გაუნათლებლობის უკიდურეს ფორმას, ეს კი ერის ინტელექტუალური გენოციდის ტოლფასია.

მეტრონომი: ღამის კლუბში თუ ხართ ნამყოფი და რა ზოგადად, აზრის ხართ ამ ღამის ცხოვრებაზე?

გიორგი ასათიანი: არ ვარ ნამყოფი არასოდეს, კომუნისტების ეპოქაში ცხოვრების პერიოდშიც კი, შესაბამისად ინტერესმოკლებულია ჩემთვის თუნდაც რაიმე კუთხით შევაფასო ეს მოვლენა.

მეტრონომი: თუ გიფიქრიათ პოლიტიკაში მოსვლაზე და თქვენ იდეოლოგიასთან ყველაზე ახლოს რომელი პოლიტიკური პარტია დგას?

გიორგი ასათიანი: რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ არც ერთი პარტია არ მომიქცევია პოლიტიკური ჭრილის ინტერესის სფეროში. ჩემი პოლიტიკა იწყება და თავდება საქართველოში მართლმადიდებელი, მირონცხებული, კეთილმორწმუნე, ღვთისგან რჩეული მეფის ინსტიტუტის აღდგენით და მეფის მოსვლამდე სამეფო ტახტის აღდგენისთვის ქართველი ხალხის მიერ ნიადაგის მომზადებით.

მეტრონომი: გაიხსენეთ ყველაზე სახალისო ზარი, რომელიც თქვენი გადაცემის ეთერში განხორციელდა..

გიორგი ასათიანი: ამ პარასკევს, მობილურის შტეკერის თაობაზე, ალბათ თქვენც გაიხსენებთ…

მეტრონომი: ყველაზე უცნაური კითხვა, რომლითაც თქვენთვის მოუმართავთ?

გიორგი ასათიანი: თავის გადანერგვის თაობაზე, რომელიც იმდენად აბსურდული იყო, რომ  სერიოზული მსჯელობაც კი წამოვიწყე, რომ იტყვიან მიზანს მიაღწია ამით რესპოდენტმა, ჩვენი სიალალიდან გამომდინარე. სხვა გაიღიმებდა და გათიშავდა ზარს.

მეტრონომი: ვინ არის დღეს ყველაზე ლამაზი ქალი საქართველოში?

გიორგი ასათიანი: ყველა ოჯახის დედა და მეუღლე;

მეტრონომი: რა პრობლემებია დღეს საპატრიარქოში?

გიორგი ასათიანი: ამ თემაზე შეფასებას უფლის უზენაესი სამსჯავრო გააკეთებს, ან ახალი, ერის და ბერის საეკლესიო კრება, რომელსაც მოიწვევს მომავალი მეფე საქართველოსი პატრიარქის კურთხევით.

მეტრონომი: ყოველდღიურობაში ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ?

გიორგი ასათიანი: დილის და საღამოს ლოცვები და მოკლე ლოცვები – უფალო იესო ქრისტე შემიწყალენ მე ცოდვილი.

მეტრონომი: რას ფიქრობთ, ლელა კაკულია ნამდვილი წინასწარმეტყველია?

გიორგი ასათიანი: ბასილი დიდის მიხედვით, იმისათვის რომ ადამიანი იყოს წინასწარმეტყველი, აუცილებელი პირობაა, რომ იგი იყოს წმინდანი, მაგრამ შეიძლება ადამიანი იყოს წმინდანი, მაგრამ არ იყოს წინასწარმეტყველი, ანუ წინასწარმეტყველობისთვის წმინდანობა აუცილებელია. თუკი ეკლესია ოდესმე აღიარებს ამ ქალბატონს წმინდანად, მაშინ მისი წინასწარმეტყველობაც დასაშვები იქნება. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.

მეტრონომი: მარიხუანა თუ მოგიწევიათ და რას ფიქრობთ დეკრიმინალიზაციის თაობაზე?

გიორგი ასათიანი: 23 წლის ასაკიდან სიგარეტის მოწევასაც დავანებე თავი, მანამდე კი მარიხუანაც მომიწევია. ამის გამო ადამიანთა თავისუფლების აღკვეთა ყოვლად დაუშვებელია, მკურნალობა კი აუცილებელია თუკი ეს პროცესი არ შეზღუდავს ასეთ ადამიანთა პიროვნულ თავისუფლებას, უფლებებს.

მეტრონომი: ინტერნეტზე რომ თქვით, WWW ეშმაკისეულია, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ციფრ 6-ზე დამთავრდეს… ზოგი ამბობს, რომ ეს უბრალოდ, ცრურწმენაა… რას იტყოდით ამაზე?

მეტრონომი: აქ საჭიროა გონება და სიბრძნე, ისე, როგორც მითითებულია იოანეს გამოცხადებაში, აპოკალიპსში რამეთუ ეს არის რიცხვი კაცისაი და რიცხვი მხეცისაი, ვისაც აქვს გონება გამოიცნოსო გვეუბნება ბიბლია და ეს რიცხია 666. აქედან გამომდინარე დაშვება იმისა, რომ ეს ფრაზა ცრურწმენაა, სასაცილოა… მოდით, მართლა სიბრძნით მივუდგეთ და WWW-ს მაგალითზე, სადაც ამ ასოს ივრითზე უშუალოდ შეესაბამება რიცხვი 6, დავფიქრდეთ რატომ? სხვა ანალოგიური კომბინაციები გართულებული სახისაა, ეს კი უშუალოდ სამი ექვსიანის პირდაპირი ნაკრებია და არა უბრალოდ ასოების ან სიმბოლოების ჯამი, თუნდაც ექვსიანების რომც იყოს. რას მოასწავებს გლობალური ქსელის კონტროლის მექანიზმის თავმოყრა ერთი პირის ხელში – მხეცში ანუ ანტიქრისტეში? იმას, რომ ამ ქსელის საშუალებით შესაძლებელია ადამიანთა კონტროლი, ზემოქმედება მათზე, თუკი ისინი სხეულში ჩაიყენებენ მიმღებებს, რაც საბოლოო ჯამში დაგვაკარგვინებს თავისუფალ ნებას და ნებისმიერ მომენტში ვიქნებით ზომბირების საშიშროების ქვეშ, ვერც ვიყიდით და გავყიდით, ვერანაერ მოქმედებას (ფიზიოლოგიური გარდა) საყოფაცხოვრებოს ვერ შევასრულებთ ასეთი მიმღებების გარეშე, ნაღდი ფული გაქრება და ა.შ, ასეთი პროცესების ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება კი ამჟამადაც უკვე არის რა? ინტერნეტი…, მე მგონი პასუხიც ნათელია და ვისაც აქვს გონება და სიბრძნე გამოიცნოს.

მეტრონომი: თქვენ ბრძანდებით მეცნიერი, ხოლო მეცნიერება და რელიგია გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიან, ამაზე რას იტყვით..

გიორგი ასათიანი: როდესაც ისმება მსგავსი შინაარსის კითხვა იმ მეცნიერის მისამართით, ვინც გახლავთ კრეაციული საბჭოს წევრი და შექმნა 5 საავტორო გადაცემა რუბრიკით „მეცნიერება და რელიგია“, ასეთი სათაურებით: „შესაქმის არსი-ნოლი და უსასრულობა“, „დასაბამად“, „ანგელოზთა უხილავი სამყარო“, მორწმუნე მეცნიერი – ღმერთის მეგობარი, ცოდვა სიკეთის ნაკლებობა“, „მიქაელ მთავარანგელოზის ფენომენი“ და შექმნის კიდევ ორს, სათაურით: „უჩინოსა და დაფარულის შესახებ“, „ნატვრისთვალი სასუფეველი“, რომელმაც თარგმნა მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერის, ნობელიანტის, ქვანტური ელექტროდინამიკის ფუძემდებლის, მაქს პლანკის 1937 წლის ლექცია იგივე რუბრიკის სათაურით და ასეთი სიტყვებით: მას შემდეგ, როცა ჩვენ გავეცანით იმ მოთხოვნებს, რისი საშუალებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ავხსნათ მსოფლმხედველობითი ხასიათის ყველაზე მაღალი პრობლემები, ერთი მხრივ – რელიგიური, მეორეს მხრივ კი საბუნებისმეტყველო, შევხედოთ რამდენათაა ეს მოთხოვნები თანაზიარი. ნათელია, რომ ეს შემოწმება ეხება იმ სფეროებს სადაც რელიგიური და მეცნიერული შეხედულებები თანხვდება ერთმანეთს.

ამასთან ერთად, არსებობს ფართო სფეროები, სადაც ისინი საერთოდ არ იკვეთებიან, კერძოდ, ბუნებისმეტყველებისთვის უცხოა ეთიკის ყველა სახის პრობლემა, ისევე, როგორც რელიგიისთვის არა აქვს არანაერი მნიშვნელობა უნივერსალური კონსტანტების სიდიდეებს, მაგრამ რელიგიაც და მეცნიერებაც სრულ თანხვედრაშია იმ საკითხში, რომელიც ეხება სამყაროზე გაბატონებული უმაღლესი ძალის არსებობას და მის წარმოჩენას. ამ საკითხებზე პასუხები ორივე მიმართულებისთვის ურთიერთთანხვედრაშია იმ კუთხით, რომ პირველ რიგში არსებობს გონისმიერი მსოფლიო წესრიგი, ადამიანისგან დამოუკიდებელი და მეორე რიგში ამ წესრიგის არსის უშუალო დაკვირვება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ შევიმეცნოთ ნაწილობრივ ან ვივარაუდოთ მისი რეალობა. ამ მიზნით რელიგია იყენებს განსაკუთრებული სახის სიმბოლიკას, ზუსტი მეცნიერებები კი საკუთარ გაზომვებს შეგრძნებებზე დაყრდნობილს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ჩვენ განვსაზღვროთ ორი ერთდროულად მოქმედი, მაგრამ მაინც იდუმალი ძალა – საბუნებისმეტყველო მსოფლწესრიგი და რელიგიური ღმერთი. შედეგად ღვთაება, რონლისკენაც რელიგიური ადამიანი მიისწრაფის რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებით, თავისი არსით იგივეა, რაც იკვეთება ბუნების კანონებში არსებული და მასზე მოქმედ ძალაში, რომელზეც წარმოდგენას საბუნებისმეტყველო მკვლევარი იძენს საკუთარი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით. შეიძლება ამის მერე დასმულ კითხვას ჰქონდეს არსებობის უფლება? არ, რათქმა უნდა. ჩემს ამ მოკლე პასუხს კი ისევ გერმანელი მეცნიერის მაქს პლანკის ლექციის ბოლო სიტყვებით დავამთავრებ: „ჩვენ გვმართებს დაუღალავად და მიუკერძოებლად გავაგრძელოთ ბრძოლა სკეპტიციზმის, ფანატიზმისა და დოგმატიზმის, ურწმუნოებისა და ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ, რასაც ერთად, გვერდიგვერდ ეწევა რელიგია და ბუნებისმეტყველება, ხოლო ამ ბრძოლაში დასახული სამიზნე ლოზუნგი კი ყოველთვის ასე ჟღერდა და გაიჟღერებს მუდამ – წინ ღმრთისაკენ!“

 

იტვირთბა....