ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით,
შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამი ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ავრცელებს. სერგეენკო დამწვრობის ცენტრში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ.
“დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია და მათ ინტენსიური ჩარევა სჭირდებათ.
“ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ”, – განაცხადა სერგეენკომ.