ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეპობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
“ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს მფარველობას დაპირდა. ბრალდებულმა, პირს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქალაქ თბილისის გარკვეულ უბანში, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დღე – ღამის რა მონაკვეთში არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.
აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.