ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორი: “მკვლელობის დროს მალხაზ კობაური ნასვამი იყო”

ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა.

პროკურორმა სასამართლო სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ კობაურმა პოლიციელებს ის ადგილი მიუთითა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი და სხვადასხვა ნივთი გადამალა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, მას სმიტების ოჯახი არ მოუკლავს და ეს დანაშაული ორმა პირმა ჩაიდინა, რომლებიც მას სიმართლის თქმის შემთხვევაში ოჯახის წევრების ამოხოცვით დაემუქრა.

პროკურორმა ბრალდებულის მიერ სასამართლოზე გაჟღერებულ ამ ვერსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია ეს დეტალები ისეთმა პირმა იცოდეს, ვინც შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის მოხდენისას არ იმყოფებოდა.

„უშუალოდ მალხაზ კობაურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადამალული ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი და სხვადასხვა ნივთი, რომელიც ნანახი იყო ხადას ხეობაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბრალდებულს ვინმემ დააძალა, ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების მუქარით, რომ დაებრალებინა დანაშაული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მალხაზ კობაურმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა გამოძიებასთან, რომელიც შეუძლებელია იცოდეს პირმა, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშულოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, თუ როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა და შემდეგ თავში, შემდგომ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას და ა.შ. ეს ყველა დეტალი შეუძლებელია იცოდეს იმ ადამინმა, ვინც უშუალოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ვინც არ ახორციელებდა ყოველივე ზემოაღნიშნულს, მითუმეტეს, რომ მას გააჩნდა ამის საშუალება, ჰქონდა თოფი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, – აღნიშნა პროკურორმა.

ასევე ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობის საქმის პროკურმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო ღონისძიება, რის შედეგადაც მალხაზ კობაურმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომელთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას მიუთითებდა.

იტვირთბა....