ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

”ეს პირადად ივანიშვილის შურისძიებაა”: ზვიად კუპრავა ბრალის წარდგენის მოლოდინში

ზვიად კუპრავა ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს სამმართველოსთან იმყოფება, სადაც ის მის მიმართ ბრალის წაყენებას ელოდება. როგორც თავად კუპრავამ “მეტრონომის” ჟურნალისტს, ნინო ცხადაიას განუცხადა  მას დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და უთხრეს, რომ დღეს მის მიმართ სასამართლოსადმი უპატივცემულობის მუხლით ბრალს წაუყენებენ.

”მზად ვარ ყველაფრისთვის, მთელმა ქვეყანამ თავის თვალით ნახა იქ ვინ აყენებდა სასამართლოს შეურაცხყოფას. ეს ხდებოდა ძალოვანი უწყების თანამშრომლებისგან. იმ ხალხის მხრიდან, რომლებმაც ყველანაირი კანონი დაარღვიეს და მოსამართლის მიერ, 1 საათი თავისუფალი დროის გამოყენების შესაძლებლობა არ მომცეს. რეალურად აქ დაზარალებული ვარ მე, მაგრამ აპირებენ რომ ბრალი წარმიდგინონ”- აცხადებს კუპრავა.

მისი თქმით, მის მიმართ პილიტიკური პროცესები მიმდინარეობს და როგორც კუპრავა ამბობს, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შურისძიება. ”არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ აქვს, ეს არის პოლიტიკური დევნა და შურისძიება ივანიშვილის მხრიდან, იმის გამო, რაც ხდებოდა რუსთაველზე. რასაც მოჰყვა მთავარი პროკურორის, პრემიერის და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა. მას როგორც ჩანს, რეალურად შიში აქვს ამ პროცესების მიმართ”- აცხადებს კუპრავა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ, თუმცა ბრალდებას თავად ამ დრომდე უარყოფს.

 

იტვირთბა....