ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “ჭუბერის ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში საკვების, წყლისა და მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა. ამის შესახებ პრემიერმა სტიქიის ზონიდან განაცხადა.

“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუროს მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა, სოფელი კი ორ ნაწილად გაიყო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო დახმარების ბრიგადები. სტიქიის შედეგად მსხვერპლი არ არის.

იტვირთბა....