ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით “მეტრონომს” ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, უსუფაშვილ-მარგველაშვილის შესაძლო დუეტი მოსალოდნელია, რომ ტრიოდ ან კვარტეტად გადაიქცეს.
“მეტრონომთან” საუბრისას, ანჯაფარიძე არ გამორიცხავს მათ გაერთიანებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩართულობას, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამის ალბათობა არც ისე მაღალია.
“მათ შესაძლოა ის პირები შეუერთდნენ, რომლებიც ღირებულებით და მსოფლმხედველობით ახლოს დგანან მათთან, შეიძლება ესეთი იყოს ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, თუმცა ამის ალბათობა დაბალია.
ამ ახალ გაერთიანებაში შეიძლება მოვიაზროთ ყველა აქტიურ პოლიტიკაში მყოფი ან შედარებით ჩრდილში წასული ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს პროდასავლური და ლიბერალური ღირებულებები. მე არ დავასახელებ კონკრეტულ ფიგურებს, მაგრამ ასეთი ფიგურები არიან და შესაძლოა, ისინი მოწვეულ იქნან ამ ალიანსში”- განუცხადა “მეტრონომს” ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში უსუფაშვილ-მარგველაშვილის შესაძლო ალიანსი ახალი სისხლის შემოდინება ვერ იქნება, რადგან, ეს ხალხი უკვე კარგა ხანია პოლიტიკაშია. გარდა ამისა, ახალი პოლიტიკური ცენტრის გაერთიანება არ უნდა იყოს ხელოვნური პროცესი და ის ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან უნდა მოდიოდეს.
“მომხრე ვარ იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში მოხდეს ახალი სისხლის შემოდინება, მაგრამ რამდენად არის ახალი სისხლი დავით უსუფაშვილი ან გიორგი მარგველაშვილი ან ის ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით მოიაზრებიან ამ გაერთიანებაში… მე ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება, მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა – ახალი პოლიტიკური ცენტრის გაერთიანება არ უნდა იყოს ხელოვნური პროცესი, ის ბუნებრივად უნდა მოდიოდეს, საზოგადოებამ თავისი წიაღიდან უნდა გამოზარდოს ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ენდობა. ამ პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობა კი, მე მგონი,ფართო საზოგადოებაში მაინც და მაინც მაღალი არ არის”- განუცხადა “მეტრონომს” ზაალ ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნა შესთავაზა.