aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნას სთავაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით უსუფაშვილი ღია წერილს აქვეყნებს და გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნას სთავაზობს.

„ვითარება რთულია:

  • ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ოცნება ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს;
  • ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათო ნიშნულამდე დასცა;
  • „ქოც-ნაცურ-პრორუსული“ მტრობით, ფლირტით და სპარინგპარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც უკვალოდ შთანთქავს;
  • ისედაც მცირერიცხოვანი ერის უდიდესი ნაწილი უსასოობისა და უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის, ან საქვეყნო საქმეებს ემიჯნება;
  • დესტრუქციისა და ქაოსის გამო შესაძლებლობების 15-20%-ის რეალიზებას თუ ვახერხებთ, არადა საქვეყნო და კერძო პრობლემებთან გასამკლავებლად 100%-იან ზღვარზე საქმიანობა გვმართებს;
  • მწიფდება დაუშვებელი…“, – წერს დავით უსუფაშვილის ღია წერილში.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნას სთავაზობს.

„გამოსავალი არსებობს:

  • ასამდე საქართველოს პატრიოტი და ევროპული ყაიდის პროფესიონალი ვწყვეტთ ემოციურ მოთქმა-გოდებასაც, ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსაც, ვიწრო პერსონალურ მეწყინა-მეტკინასაც, უშედეგო ინდივიდუალურ გმირობებსაც და ერთად მივდივართ პროფესიულ პოლიტიკურ სამსახურში;
  • ოცდაათწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ოცდაათწლიანთა თაობის შემართებაზე და ათასობით თანადამფუძნებელ პროფესიონალზე დაყრდნობით ვქმნით ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას, რომლის გენეტიკურ კოდში იდება: ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა, კონკურენცია და არა მტრობა, პრინციპულობა და არა სიჯიუტე, ღირსება და არა ამპარტავნება, ჯერ პროგრამა და მერე ხელისუფლება, ჯერ ქვეყანა და მერე პარტია;
  • ვიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანა გადაგვყავს თავისუფლების, კეთილდღეობის და უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შეუქცევად გზაზე, რომელზეც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილი და თანაბარი შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დავით უსუფაშვილის ღია წერილში.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი შეთავაზებული გეგმის კონკრეტულ კომპონენტებსაც ასახელებს.

„ეს არ არის ოცნება. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ კომპონენტებს, რესურსებს და ეტაპებს:

1.    საქმის დასაწყებად საჭირო ათამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურა არსებობს, თუმცა, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კვანძის გახსნას ელის;
2.    საქმის გასაძღოლად საჭირო ასამდე კვალიფიციური და წესიერი თანალიდერი არსებობს, თუმცა,ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებიან პოლიტიკური აქტიურობისთვის და ელის საქმის სათანადოდ  დაწყებას;
3.    საქმის საკეთებლად საჭირო ათასობით მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი აქტივისტი არსებობს, თუმცა,დღეს ჩრდილშია, პასივშია, უმოქმედოა, გაქცეულია საჯარო ცხოვრებიდან და ელის საქმის სათანადოდ გაძღოლას;
4.    საქმის გასამარჯვებლად საჭირო ასობით ათასი დამშვიდების,  გამთლიანების, სამართლიანობის და ზნეობრიობის მსურველი მოქალაქე არსებობს და ელის სათანადო საარჩევნო შეთავაზებას, რათა მას მხარი დაუჭიროს“, – აღნიშნულია დავით უსუფაშვილის წერილში.

მისივე თქმით, ამ გეგმაში საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი  როლი ენიჭება. უსუფაშვილის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია.

„ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ ეტაპზე  მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს „ნაც-ქოცურ-პრორუსულ“ მედია-ფინანსურ-ადმინისტრაციულ კონგლომერატებთან მომავალ ბრძოლებში. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატის, მისი კამპანიისა და  ქმედებების მოქცევა ამ გეგმის ჩარჩოებში. მაგალითად, კამპანიის პროცესში კანდიდატი მუშაობს არამხოლოდ საკუთარ წარმატებაზე, არამედ გუნდის ფორმირება-გაძლიერებაზეც. ასევე, თუ გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი სრულად წყდება პოლიტიკურ გუნდს, დამარცხების შემთხვევაში, იგი სრულად ხმარდება მას – ყოველი მიღებული ხმა გაორმაგებული მიაქვს საპარლამენტო არჩევნებამდე.

მე ამ მიდგომით და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებს და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის, სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე.

მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე.

ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მით უმეტეს, რომ არც მოსვლა იყო შენი ოცნება. ისიც ვიცი, რაც ძალიან ცოტამ იცის… მაგრამ შენც და მეც ისეთ საქმეში მოგვიწია ყოფნა, რომ ჩემი, შენი და ჩვენი ვალია სახელმწიფო-პოლიტიკური ცხოვრებას კი არ გავერიდოთ, არამედ ჩვენს ჩანაცვლებაში ჩვენზე უკეთესებს დავეხმაროთ. მე, სხვებთან ერთად, ამას ვაკეთებ. ერთად გავაკეთოთ“, – აღნიშნულია უსუფაშვილის განცხადებაში.

იტვირთბა....