ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ახლა დარეკეს მეორე ტალღა მოდის და გზის ახლოს ყველა გაიქეცითო”- რა ვითარებაა ნენსკრას ხეობაში

მოსახლეობა ნენსკრას ხეობის სოფლებს ტოვებს და თავს სიმაღლეებს აფარებს.  ჭუბერის თემის სოფლებს ამ წუთებში ღვარცოფი ემუქრება. ბოლო ინფორმაციით, წყლის ნაკადმა გაარღვია ჩახერგილი კალაპოტი და ახლა სოფლებისკენ ნაშალი მასა, ლოდები და ხეები მიაქვს. ინფორმაციას “რუსთვი2” ავრცელებს.

“ჭუბერის ცენტრში ორი ოჯახი მიაქვს, გზა არ არის, ორ ადგილას ხიდები წაღებულია, კარვები მოჰქონდა აქ… რა მდგომარეობაა არავინ იცის – ამბობს ჭუბერის მკვიდრი.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ჭუბერის ზემო ნაწილში ჩარჩენილებმა დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ დაგუბებული მდინარის მერეო ნაწილიც დაიძრა.

„ახლა დარეკეს ზევიდან მეორე ტალღა მოდის და გზის ახლოს ყველა გაიქეცითო. ხალხი სავსეა და ყველა გარბის“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის ინფორმაციას მესტიის საკრებულოს წევრიც ადასტურებს.

„მეორე ტალღაც უნდა წამოვიდესო და გვირეკავენ ნაპირს მოვაშოროთ ხალხი. სოფელთან მანქანით მისვლა შეუძლებელია, ყველა ხიდი წაღებულია,“- ამბობს მესტიის საკრებულოს წევრი, ჭუბერის დეპუტატი ზაზა ვიბლიანი.

როგორც ცნობილია, სოფელ ჭუბერში წითელი მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნესკრას ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო, დატბორა კულტურის სახლი და საცხოვრებელი სახლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი მოინახულებს.

იტვირთბა....