ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუნდაძე: “ჯანდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს აღქმული დევნილთა სამინისტროდ”

ჯანდაცვის სამინისტროს სახელწოდების შეცვლას საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი  არ ეთანხმება. დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს აღქმული როგორც დევნილთა სამინისტრო.

“მე არ ვეთანხმები შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალ შემოთავაზებულ დასახელებას. შინაარსობრივად გამოდის, რომ ეს სამინისტრო ხდება დევნილთა სამინისტრო. რედაქციულადაც არასწორია ასეთი ფორმულირება, რადგან ჩამონათვალი აქამდე იყო დარგობრივი: შრომა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება და ხდება ჩამონათვალში დევნილთა დეფინიციის დამატება. ეს უკვე მიზნობრივი ჯგუფია და ვსვამ კითხვას: რატომ არა შშმ პირდა, ხანდაზმულთა, დემოგრაფიულ საკითხთა – სახელწოდებაში. მე ვფიქრობ, ეს არის შინაარსობრივად და ტექნიკურად არასწორად ჩამოყალიბებულია”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, სამინისტროს ახალი სახელწოდებაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში აგრძელებს. უმრავლესობის ნაწილს არ მოსწონს კულტურის სამინისტროს მომავალი ახალი სახელწოდება, თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივანი უმრავლესობის მოსაზრებას არ იზიარებს.

ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

3 ივლისს მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

იტვირთბა....