ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოზაძე: “ისეთი აურზაური მოჰყვა ამ საქმეს რომ ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მაშინ მიჭირდა როცა დამჭრეს”

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა, ირაკლი ნოზაძემ მისი დაჭრის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ისეთი აურზაური მოჰყვა ამ საქმეს და ისეთი შეთითხნილი კუდები მოება, რომ ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს.

“მე არავის არც შეცოდებას და მსგავს რაღაცებს არ ვცდილობ. კაცი ვარ და შეიძლება დღეს ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, მაგრამ ხვალ ისეთი რაღაც მოგიხდეს, რომ აღარ იყო ჯანმრთელი. არც ისე ვარ განწყობილი, რომ მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დაისაჯოს ის, ასე არ არის, რა სისულელეა. ყველაზე რთულად გადასატანი ჩემთვის იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით რთულად გადასატანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ისეთი აურზაური მოჰყვა და ისეთი შეთხზული და შეთითხნილი კუდები მოება ამ საქმეს, რომ გაცილებით უფრო მიჭირს დღეს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს“, – განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

იტვირთბა....