ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, როგორ იგებდა სახელმწიფო ტენდერებს და როგორ ამარაგებდა ქართულ ჯარს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და მსჯავრდებული პირი.
ფრაქცია აღნიშნულ საკითხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის გამართვას ითხოვს.
“ახლახანს გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული პირის კომპანიები არ მონაწილეობდნენ დახურული ტიპის შესყიდვებში – ეგღა გვაკლდა, მხოლოდ ღია ტენდერებით ხდებოდა შესყიდვებიო. ეს არ არის საკმარისი არგუმენტი თავის გასამართლებლად. ფაქტია, რომ 21-ჯერ მოხდა ამ ფირმებიდან საქონლის შესყიდვა და ზოგადად რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირები დიდი სიმპატიებით სარგებლობენ ხელისუფლების თვალში. ბედუკაძეები, წითელაშვილები და მსგავსი წარმონაქმნები მუდამ ტრიალებენ სახელისუფლებო ორბიტაზე. ოღონდ “ნაიონალურ მოძრაობას“ აგინე და გინდ ჯაშუში იყავი. გინდ მარშისტი, გინ ფაშისტი, გინდ ასავალ-დასავალისტი და გინდ პორტ-არტურის შპიონი. “ქართული ოცნებისთვის“ ოკუპანტი ქვეყანა კი არ არის მტერი, არამედ ოპოზიცია ანუ ისინი, რომლებმაც არაფორმალურ მმართველობასა და მათ პირად კეთილდღეობას შეიძლება მოუღოს ბოლო. ძალაფლების შენარჩუნება და ხელისუფლებაში ყოფნა არის მათთვის პრიორიტეტი და არა საქვეყნო ინტერესები“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.
დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.