საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში დევნილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ბინები გადასცა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თითოეული დევნილი გრძნობს.
„ჩემი ოჯახის წევრები არიან ოჩამჩირედან. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ოჩამჩირეში და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რა უნდა იყოს პასუხი ამ გამოწვევებზე – ამ გამოწვევებზე ჩვენი მხრიდან პასუხი უნდა იყოს ის ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, რაც თითოეულმა თქვენგანმა აჩვენა და დაგვანახა მომავალ თაობას. დღეს, ამ ახალ შენობაში ორ ბინას მიიღებს ბიგვავების მრავალშვილიანი ოჯახი – მათ ჰყავთ შვიდი შვილი და აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე. ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, გამრავლება და განათლება – როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს წარმატებით გავაკეთებთ, მინდა, თითოეულ თქვენგანს სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო და შევპირდე, რომ ჩვენი გულის წადილი აუცილებლად ახდება. ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.