ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, იმ ბავშვებმა, რომლებსაც ის მომხდარიდან მალევე თავად გაესაუბრა, გამოძიებას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.

„1-ელ დეკემბერს, როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო თითქმის მთელი 51-ე სკოლა და არა მხოლოდ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. იქ ასევე იმყოფებოდნენ ჩემი მეგობარი იურისტები და პოლიციელები. მათაც და მეც ყური მოვკარით, რომ ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია და გ.ჯ. თავისთავად.

სანამ არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში, მანამდე ხმაც არ ამომიღია და არც მათი სახელები მითქვამს. როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თავიანთი მამები ახლდა თან. მაინტერესებდა რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს. შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს უსმენენ.

იტვირთბა....