წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ. როგორც დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მას აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დღეს სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მოკვლევას ატარებდა, დეკანოზის შესაძლო დანაშაულზე საკუთარ შეფასებას სინოდის წევრებს გააცნობს. რამიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ერთმა ჯგუფმა ასევე მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაც მოითხოვოს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„მე როგორც ვიცი კულუარულად, ერთ-ერთი საკითხი სავარაუდოდ, იქნება მამა გიორგის საქმე. წინა შეხვედრაზე თითქოსდა კომისია შეიქმნა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა რაღაც მოკვლევა. თუ ისინი მხოლოდ იმას დაეყრდნობიან, რაც პროკურატურამ თავიდანვე თქვა, არ ვიცი. ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მათ უნდა გაეკეთებინათ შეფასება იმაზე, რამდენად რეალურად იყო დანაშაულის ჩადენაში მხილებული მამა გიორგი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ დეკანოზთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზი და მეუფე საბა იმყოფებოდნენ. გამორიცხული არაა, რომ დეკანოზმა მეუფეებს სინოდის წევრებთან გარკვეული მოსაზრებები და თხოვნები გადასცა.