აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა, ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციაზე.
აქციაზე 19 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს. ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“დღეს, როდესაც მთავრობა აღარ გვყავს, იმედი მაქვს, ახალი პრემიერის პირობებში ჩვენს სამართალს ვიპოვით. აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურის და გახარიას დაგეგმილი ყოფილა. ამიტომ მოვითხოვ მათ პასუხი აგონ ამ ტერორისტულ აქტზე. მოვითხოვ აღიარონ, რომ შეეშალათ და უდანაშაულო შვილი მომიკლეს. საქართველოს 75% და მთელი პანკისი ჩვენს გვერდითაა სიმართლის მოლოდინში. დაიმახსოვროს ხელისუფლებამ – ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! პირობას ვდებ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.