პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ყოფნა პარლამენტში, როგორც კანდიდატის, სულ მცირე უხერხულია.
“როგორი არაადეკვატურიც არის ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვხედავთ თეა წულუკიანს, წარმოდგენილს, როგორც იუსტიციის მინისტრობისას, ასეთივე არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ თეას. ჩვენ არ ველოდებოდით იმაზე საუბარს, რაზეც ისაუბრეთ. პირადად მე თქვენგან ველოდები პასუხებს, თუ როგორ მოხდა, რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ მაგალითად ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და თქვენს გამო შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი. თქვენ ჩააფლავეთ მთლიანად სასამართლო რეფორმა.
როგორ მოხდა, რომ თქვენი მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით, როცა ქალაქის ცენტრში კრიზისი გქონდათ შექმნილი და ადამიანები ითხოვდნენ, რომ სამართლიანად იყოს გამოძიებული საქმეები?! ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით და არა ისევ ბოღმა ანთხიოთ როგორც ამას აკეთებთ წლების განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ამ ტრიბუნიდან, რომ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როცა მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარი არ უნდა“, – მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ირმა ნადირაშვილმა.