ოზურგეთის საკრებულოს მისაღებში მეორე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის აქცია გრძელდება. მოშიმშილეების მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და სადეპუტატო მანდატი დატოვოს საკრებულოს 9-ვე წევრმა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ბესო ქათამაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
ოპოზიცის წარმომადგენლები აპირებენ, კანონით მინიჭებული ყველა უფლება გამოიყენონ, რათა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულება აიძულონ.
მოშიმშილეები ასევე მოითხოვენ, ყველა თავდამსხმელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
„ჩვენ მოთხოვნები უკვე წავუყენეთ, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყვა, შესაბამისად, მოთხოვნები შეიძლება კიდევ გაიზარდოს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადმოდგამს.“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.
საკრებულოში ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დანიშნავენ თუ არა რიგგარეშე სხდომას.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.