ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს, – ამის შესახებ ნათქვამია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ თემაზე გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„თვეზე მეტია დაიწყო და ამ დღეებში ისევ გააქტიურდა საუბარი, თითქოს პირველ არხზე იბლოკება ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ფილმი. რასაკვირველია, ფილმის დაბლოკვაზე ან რაიმე მსგავს ქმედებაზე საუბარი სრული აბსურდია, თუმცა, იმის გამო, რომ ტრაგედიის სიმძიმიდან და თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ვერიდებით პასუხის გაცემას ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულ ბრალდებებზე, შეიძლება ვიღაცას მართლაც ეგონოს, რომ პირველ არხზე იბლოკება ფილმი, რომელიც შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც აქამდე უცნობია გამოძიებისთვის და საზოგადოებისთვის. ის, რომ პირველი არხი, თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობს, იმთავითვე სრულიად გამორიცხულია, რაც მარტივი მისახვედრია, ვინაიდან, სწორედ პირველმა არხმა აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?! ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და, ამ პირობებში, ცხადია, ვერანაირი ფაქტი ვერ დაიმალებოდა. ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ წესით აქ კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ პერიოდულად მაინც ისმის ბრალდება, რომ ფილმს ვბლოკავთ. ნათელია, რომ ვიღაცისთვის მთავარი სწორედ ეს აჟიოტაჟია და არა სიმართლის დადგენა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბატონმა ზაზა სარალიძემაც დაიჯერა, რომ პირველი არხი რაღაცას მალავს და ამიტომ არ უშვებს ფილმს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდება, თითქოს ტელევიზია ფილმს ბლოკავს, ერთ თვეზე მეტია ისმის. ფილმი ჯერ კიდევ არ არსებობდა, როდესაც აქციებზე და სოციალურ ქსელებში, ცალკეული ადამიანები მიზანმიმართულად ამტკიცებდნენ, რომ ფილმი იბლოკებოდა. რასაკვირველია, ეს სიცრუე ვრცელდებოდა განზრახ, აჟიოტაჟის ასატეხად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. დღეს, 18 ივნისს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. საუბარი შეეხო “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებულ ფილმს “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”. ზაზა სარალიძემ გამოხატა რწმენა, რომ ფილმის ეთერში განთავსება იზღუდება პოლიტიკური მოტივით, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ამდენად პირველი არხის მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ, დღეს, ტელევიზიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო საპარლამენტო კომისიის დასტური, რომ ამ ფილმის გაშვება ძიებას ხელს არ შეუშლის. იგივე პოზიცია აქვთ სხვა ორგანიზაციებსაც. სწორედ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, რათა შვილმკვდარ მამას არ ქონდეს განცდა, რომ მისი შვილის მკვლელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ინფორმაციას მალავს, ამასთანავე, არ გაგრძელდეს სხვადასხვაგვარი სპეკულაციებით საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანა, პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ 19 ივნისს, 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გაუშვას ეს ფილმი“,- აღნიშნულია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

იტვირთბა....